Skip to main content

კოლეჯის ისტორია

06 მარტი, 2024

ახალი პროფესიული კოლეჯი დაფუძნდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2010 წლის იანვარში და თავდაპირველად წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელს ატარებდა.

შენობა-ნაგებობა, რომელშიც ორგანიზაცია განთავსდა, სახელმწიფოს თანადგომით გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, - კეთილმოეწყო, სათანდო რესურსებით აღიჭურვა და იმ პერიოდისთვის საპატრიარქოს სივრცეში არსებულ ერთ-ერთ პირველ პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა ავტორიზებული დაწესებულების სტატუსი; 2010 წლის მაისში კი მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის  მიერ საზეიმოდ გაიხსნა.

2010-2017 წლებში, კოლეჯმა წარმატებით განახორციელდა ოფისის მენეჯერის, ბუღალტრის, კორესპონდენტის, გიდის, მასაჟისტის, ექთნის თანაშემწის, მემინანქრისა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის საგნობრივი პროფესიული პროგრამები, ასევე აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისთვის საჭირო ყველა აქტივობაში.

ავტორიზაციის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს, სასწავლებელმა მეორედ მოიპოვა ავტორიზებული დაწესებულების სტატუსი და დაიწყო საოფისე საქმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლება; პარალელურად დანერგა, ხოლო 2021 წლიდან სრულად გადავიდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებაზე.

ამჟამად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, დაწესებულებას განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს შემდეგ პროგრამებზე:

  • საქმისმწარმოებელი;
  • ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდი;
  • ტიხრული მინანქრის ნაკეთობის დამზადება;
  • ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა;
  • მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობათა ფიუზინგი.

2023 წლის გაზაფხულიდან, კოლეჯი ჩაერთო  ცენტრალიზებულ მართვის სიტემაში და დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, დაწესებულების მმართველ ორგანოდ განისაზღვრა ააიპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე,“ რომლის მიერ წლების წინ წარმატებით განხორციელებულმა სახელობო სწავლების პროექტებმა, საფუძველი ჩაუყარა ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებას.

დაწესებულება განთავსებულია თანამდეროვე სტანდარტებით მოწყობილ ინფრასტრუქტურულ გარემოში, გააჩნია სრულყოფილი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამდეროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სახელოსნოები, რაც ხელს უწყობს სწავლების მაღალ ხარისხს და შრომის ბაზრისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური კადრების მომზადებას.